სიახლეები
სადღესასწაულო ქადაგება
27/09/2014
27 სექტემებრს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
უწმიდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
“დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. ვერავითარი ადამიანის გონება ვერ ახსნის იმ მოვლენებს, რომლებიც ხდება ჩვენს გარშემო. ვერავითარი ადამიანი ვერ გაიგებს სად არის, როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი. სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით ერთად არიან. ინდური ფილოსოფია ამბობს, რომ ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწიყისი ხარ სიხარულისა. როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი, ან როდის იწყება მწუხარება და როდის მთავრდება იგი, ეს უფლის ნებაა. და აი, დღეს ორი თარიღია, ჯვართამაღლება – დიდი სიხარულის და ზეიმის დღესასწაული, და მწუხარება, როცა დაეცა სოხუმი, დაეცა აფხაზეთი. ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს ვლოცულობდით ყველასთვის, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის, ყველასთვის ვინც დაეცა აფხაზეთის ომში”, – აღნიშნა ილია მეორემ.
როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ქართველებსა და აფხაზებს შორის ომი არ იყო. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყვნენ.
“ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე აფხაზეთიდან. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყვნენ და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის. მე დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როცა ერთი ძეგლი აშენდება დაცემული აფხაზებისთვის და ქართველებისთვის” – აღნიშნა უწმიდესმა. მან აფხაზეთში დაღუპული ჟიული შარტავაც გაიხსენა.
დღევანდელ წირვაზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოადგილეებთან ერთად, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი და აფხაზეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი. წირვას დაესწრო ქართული ჯარის ნაწილი.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა სოხუმის დაცემის დროს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხადა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















