Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

22/12/2013

“100 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისეთ იდეას, როგორიცაა თუნდაც ერთსქესიანი ქორწინება, ოდესმე ვინმე დაიცავდა”, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქის თქმით, ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში, მაგრამ ამავდროულად, დიდი ნაბიჯები გადადგა უკან სულიერებასა და სულიერ ფასეულობებში.

"ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები: "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა". ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა და განსაკუთრებით მათ, ვინც მზად არის მიიღოს ეს ნათელი. ამასთან დაკავშირებულია უფლის სიტყვებიც - იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს. შეუძლია თუ არა ადამიანს ეს?! რა თქმა უნდა არა, მაგრამ ეს არის მითითება იმაზე, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში. მაგრამ, ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა უკან სულიერებასა და სულიერ ფასეულობაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ისეთ იდეებს, როგორიცაა თუნდაც ერთსქესიანი ქორწინება, ვინმე დაიცავდა", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, საჭიროა განათლება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ უმაღლესის დამთავრებას, არამედ ადამიანის ჰარმონიულ სრულყოფას ცოდნაში, ცხოვრებასა და ზრდილობაში. "ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ცოდნაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ ცოდნის მიღება ურწმუნო ადამიანის მიერ, მეტად საშიშია იმ ადამიანისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რადგან მან, თავისი ცოდნა შეიძლება ბოროტად გამოიყენოს", - ბრძანა პატრიარქმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღზრდის პროგრამის შემუშავების ინიციატივით გამოდის.

როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, თუმცა ცოდნა დაბალია, აღზრდა კი საერთოდ არ არის.

პატრიარქმა გელათის აკადემიის გახსნასთან დაკავშირებული დავით აღმაშენებლის სიტყვებიც გაიხსენა – "ეს უნდა იყოს მეორე იერუსალიმი თავისი სულიერებით და ახალი ათინა".

"აღზრდას არა მხოლოდ ოჯახი, არამედ სკოლა და ეკლესიაც უნდა აძლევდეს. ადამიანი, რომელსაც განათლება და აღზრდა ექნება, ბედნიერი იქნება. მე ვთხოვ ჩვენს მეცნიერებს, იფიქრონ ამ პრობლემაზე. დღეს თითქმის ყველაფრის შემსწავლელი სასწავლებლები არსებობს, მაგრამ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც დაიხურა ფილოსოფიის ინსტიტუტი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და მრავალი სხვა, რამაც მეტად გაამწვავა ეს საკითხი. იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო იფიქრებს, როგორ შეიძლება შეიქმნას აღზრდის პროგრამა და რა უნდა დაეკისროს სკოლას, ოჯახს თუ ეკლესიას ამ დარგში", - ბრძანა უწმინდესმა. 

პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მეცნიერები ამ რთულ საკითხს ჩასწვდებიან და აღზრდის კარგი პროგრამა შეიქმნება.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაული მიულოცა და ისურვა, "მოულოდნელი სიხარული მისცეს მამაზეციერმა სრულიად საქართველოს".

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced