სიახლეები
სადღესასწაულო ქადაგება
24/11/2012
23 ნოემბერს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ცურტავის ეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს გიორგობისა და სამების საკათედრო ტაძრის კურთხევის დღესასწაული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სახელითაც მიულოცა.
მეუფე იაკობმა ისაუბრა წმიდა გიორგის ღვაწლზე და დასძინა, რომ იგი გახლდათ უძლეველი მხედარი, რომელმაც არაფრის გულისთვის არ უარყო უფალი და ის ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს.
როგორც მეუფემ აღნიშნა, ერთ-ერთი ბოლო ქადაგებისას გარკვეულ პირებს მიმართა, გადაეხედათ ცხოვრებისთვის, გამოეხატათ სინანული და მიეღოთ ქართველი ერის არჩევანი:
“ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ძალა, რაღაცას რომ დავაშავებთ, შენდობის თხოვნის ვაჟკაცობა უნდა გვქონდეს – უფალთან, სამშობლოსთან, თითოეულ ადამიანთან. უნდა ვითხოვდეთ შენდობას, რომ ღმერთმა მოგვიტევოს. ცოტა ხნის წინ, ვთხოვე ადამიანებს, გადაეხედათ თავიანთი ცხოვრებისთვის, სინანული გამოეხატათ და ხელი არ შეეშალათ იმ პროცესებისთვის, რაც ქართველმა ერმა აირჩია. ეტყობა, ჯერჯერობით, ვაჟკაცობა არ ყოფნით. მართლაც, ძნელია, წაგებული ომის შემდეგ გამოდიხარ და ამბობ: მოგებული ვარო და ქართველმა წავაგეთ, როდესაც რუსთაველზე ბიჭების გვამები გაციებული არ იყო, ვის მოუგეს ომი? – მაინტერესებს. რომელი ქვეყანა დაამარცხეს? ამას ვერ დავივიწყებთ, მაგრამ თუ შეინანებენ, მიტევებასაც მიიღებენ. სულგრძელობას ყველას ვერ მოსთხოვ. შეიძლება იყო ქვეყნის სათავეში, მაგრამ – სულმოკლე. არ უნდა გვეშინოდეს მხილება…
ჩვენ იესო ქრისტეს, დედა ღვთისმშობლის, წმიდა გიორგის ერი ვართ და ლაჩრობა არ შეგვფერის. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჯოგივით და არ უნდა გაგვრეკონ. თუ წინა მაგალითებიდან გავიხსენებთ, შეიძლება იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ ახლაც…
დაყოფა არ შეიძლება, ეშმაკი ყოფს – ღმერთი აერთიანებს. ძლივს არჩევნების შემდეგ იმედი ჩაისახა, რომ გავერთიანდებოდით და კიდევ იბრძვიან. ყველამ იცოდეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, ჩვენ იმ უღირსობას, მეომრების ასე დამცირებას – ჯერ გაციებულები არ იყვნენ გინდ ჩვენები, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ოსებიც, აქ ტაშფანდურა იყო თბილისში გამართული. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიცოდეთ, რომ დემოკრატია 5 წუთში არ მყარდება.
ძალიან მძიმე პირობები იყო წინაც, არჩევნებამდე და ახლაც, როდესაც ხელისუფლების გადაბარების პროცესია…
სინანული და შეცდომების აღიარება ხელს შეუწყობდა ერის უფრო გაერთიანებას. არჩევნების შემდეგ ერის გაერთიანების იმედი ჩაისახა, მაგრამ ხელშეწყობა უნდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს” – აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















